ინსტიტუტი ,,ტალღა”-ს დებულება

             2017 წელი                        

                                                   თავი I. შესავალი

      საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N246 დადგენილების „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასევე 2010 წლის 10 სექტემბრის N279 დადგენილების შესაბამისად სსიპ ინსტიტუტი “ტალღა“ რეორგანიზებულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად, უნივერსიტეტთან შეერთების გზით.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“ (შემდგომში – ინსტიტუტი) შექმნილია:
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 დეკემბრის N 792 დადგენილების შესაბამისად საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ქვედანაყოფთა ბაზაზე სსრ კავშირის კავშირგაბმულობის საშუალებათა მრეწველობის სამინისტრომ შექმნა ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ “ვოლნას“ ფილიალი.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის N298 დადგენილებით შეყვანილია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ორგანიზაციულ დაქვემდებარებაში, როგორც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ტალღა“ და მას სამეცნიერო-მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგენილებით „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ეწოდა სსიპ ინსტიტუტი „ტალღა“.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის N279 დაგენილებით სსიპ ინსტიტუტი „ტალღა“ რეორგანიზებულ იქნა სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემავალ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად სახელწოდებით:
ქართულად – სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“.
ინგლისურად – INSTITUTE TALGA OF GEORGIAN TECHNIKAL UNIVERSITY.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ,,ტალღა’’. (შემდგომში ინსტიტუტი) არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტი) დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, რომლის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით და ამ დებულებით, რომელსაც ინსტიტუტის წარდგინებით განიხილავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
2. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით “უმაღლესი განათლების შესახებ”, შესაბამისი ნორმატიული აქტებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებით და ამ დებულებით. ინსტიტუტი ახორციელებს სამეცნიეროკვლევით საქმიანობას და უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში.
3. უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესითა და პროპორციით ინსტიტუტს ჰყავს წარმომადგენლები უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში.

მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები და უფლებები
1. ინსტიტუტს მიზნები და უფლებებია:
ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ნახევარგამტარული სქემების პროექტირება და ურბანული გარემოა რადიოეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასება (ინფორმაციის დამუშავების ფუნდამენტური და გამოყენებითი პრობლემები, მათი თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა) .
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში;
ვ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;
ზ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით და ინსტიტუტის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;
3. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა.

თავი II. ინსტიტუტის სტრუქტურა, მართვა და მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში

მუხლი 3. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და ინსტიტუტის სტრუქტურა
1. ინსტიტუტის სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობას ხელმძღვანელობენ სამეცნიერო საბჭო და ინსტიტუტის დირექტორი.
2. ინსტიტუტის სტრუქტურა შედგება ძირითადი სტრუქტურული ერთეულებისაგან (განყოფილება, ლაბორატორია, ჯგუფი), სამეცნიერო ბიბლიოთეკისაგან და ინსტიტუტის საქმიანობისთვის აუცილებელი დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან (დირექტორის აპარატი, კანცელარია, სამეურნეო ნაწილი).
3. სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ინსტიტუტის დებულებითა და საშტატო განრიგით

მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
1. ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო შექმნილად ითვლება, თუ ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების რაოდენობა არის არანაკლებ 3;
3. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3 მაინც.
4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.
5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;
ბ) განიხილავს და აფასებს სამეცნიერო განყოფილებების მიერ შემუშავებულ სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს და მათ საფუძველზე ადგენს ინსტიტუტის ერთიან სამუშაო სამეცნიერო-კვლევით პროგრამას;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;
დ) ირჩევს ინსტიტუტის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში, უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ე) ირჩევს ინსტიტუტის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ვ) ღია კონკურსის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
ზ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;
თ) ითანხმებს ინსტიტუტის დირექტორის მიერ შემუშავებული ინსტიტუტის დებულების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;
ი) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;
კ) განიხილავს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;
ლ) იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე, უფ-ლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
მ) უფლებამოსილია ინსტიტუტის საპატიო მეცნიერ-თანამშრომლებად აირჩიოს საქართველოში თუ საზღვარგარეთ მოღვაწე მაღალი ავტორიტეტის მქონე მეცნიერები.
ნ) სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ინსტიტუტის სწავლულ მდივანს, რომელიც აგრეთვე ასრულებს სამეცნიერო საბჭოს მდივნის მოვალეობებს. სწავლული მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს ან/და ინსტიტუტის დირექტორს;
ო) ასრულებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ინსტიტუტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
6. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა ინსტიტუტის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
7. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩევა პირი, რომელსაც უკავია ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობა. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება ინსტიტუტის დირექტორის და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლების არჩევა.
8. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.
10. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
11. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
ბ) გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;
გ) ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დატოვება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს წევრთა მიერ სიითი შემადგენლობის უმ-რავლესობით. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები.
2. სამეცნიერო საჭოს თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით.
3. სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე:
ა) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;
ბ) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;
დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგი შემთხვევები:
ა) პირადი სურვილი;
ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილე¬ბა, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;
ე) ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან განთავისუფლება.
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს. მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.

მუხლი 6. ინსტიტუტის დირექტორი
1. ინსტიტუტის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.
2. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა მიეკუთვნება ადმინისტრაციულ თანამდებობას.
3. ინტიტუტის დირექტორი:
ა) უნივერსიტეტის რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;
ბ) უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსტიტუტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს დასამატკიცებლად;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს ინსტიტუტის ვაკანტურ სამეცნიერო თანამდებობებზე და ადგენს შესაბამისი საკონკურსო კომისიების შემადგენლობებს;
ე) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან დებს წერილობით შრომით ხელშეკრულებას;
ვ) კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შტატგარეშე თანამშრომლად იღებს პირს და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას;
ზ) თავისი უფლებამოსილების ვადით შეარჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) კანდიდატურას;
თ) საქართველოს კანონმდებლობის და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ინსტიტუტის ფინანსური სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
კ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტის ბრძანებას;
მ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია დანიშნოს ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

მუხლი 7. ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები
1. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სამეცნიერო სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 წლის მუშაობის სტაჟი და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის წესდებით.
2. თუ პირს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად.
3. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
4. ერთმა და იმავე პირმა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.
5. ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შეარჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.
6. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აქვეყნებს კან-დიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და ინსტიტუტის დებულებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
7. კანდიდატურის შერჩევისას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
8. დირექტორობის კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. შერჩეულია ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევრისა.
9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობის ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.
10. კანდიდატურის დამტკიცებაზე უნივერსიტეტის აკა¬დემიური საბჭო დასაბუთებული უარის შემთხვევაში ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას.
11. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს ინსტიტუტის დირექტორის ახალი კანდიდატურა. ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს მიერ ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.
12. ინსტიტუტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები.
13. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.
14. ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწეს სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობას-თან დაკავშირებულ საკითხებში წარმოადგენს ინსტიტუტის სწავლული მდივანი. ინს-ტიტუტის სწავლული მდივანი ამზადებს სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე განსახილველ მასალას, უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი გეგმებისა და ინსტიტუტში შესრულებული სამუშაოების ანგარიშების დროულად შედგენას და უნივერსიტეტში წარდგენას, ინსტიტუტის კომპეტენციის ფარგლებში კურირებს მაგისტრატურის და დოქტორანტურის საქმიანობას, ხელმძღვანელობს ინსტიტუტის ვებგვერდისათვის მასალების შედგენას და ინტერნეტში განთავსებას.
15. დირექტორის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგი შემთხვევები:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება;
დ) გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
6. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

თავი 3. ინსტიტუტის პერსონალი
მუხლი 8. ინსტიტუტის პერსონალი
1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო და დამხმარე პერსონალისგან.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.
3. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეც-ნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.
4. პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. პოსტდოქტორანტად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
5. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს/წესებს, შრომის ანაზღაურების ოდენობას, პირობებსა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
6. დირექტორმა, დირექტორის მოადგილემ და სწავლულმა მდივანმა შეიძლება ინსტიტუტში შეთავსებით დაიკავონ რომელიმე სამეცნიერო თანამდებობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ინსტიტუტის დამხმარე პერსონალს მათთან დადებული წერილობითი შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადით სამსახურში იღებს დირექტორი.
8. ინსტიტუტის სამეცნიერო ქვედანაყოფებში მომსახურე დამხმარე პერსონალი პერიოდულად გადის ატესტაციას, რომლის ჩატარების წესს, კრიტერიუმებს და ვადებს ადგენს სამეცნიერო საბჭო. საატესტაციო კომისიას ნიშნავს დირექტორი.
9. ინსტიტუტის სამეცნიერო და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ინსტიტუტის საშტატო განრიგით.
მუხლი 9. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობა და საქმიანობა
1. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი ინსტიტუტის დებულების შესაბამისად. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
3. ინსტიტუტის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი.

მუხლი 10. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესები
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უვადოდ იკავებს. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.
5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
6. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს უნივერსიტეტის აკა¬დემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
7. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მუხლი 11. სამეცნიერო და დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობები
1. სამეცნიერო და დამხმარე პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.
2. სამეცნიერო და დამხმარე პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

მუხლი 12. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები
1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ინსტიტუტის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
2. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;
ე) განახორციელოს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. მეცნიერი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
4. უნივერსიტეტი და ინსტიტუტი უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.
5. მეცნიერის შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება.
6. მეცნიერის შრომისა და სხვა სოციალურ გარანტიებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, შრომითი ხელშეკრულება, ინსტიტუტის დებულება.
თავი 4. სხვა დებულებები
მუხლი 13. ინსტიტუტის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი
1. ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი რეგულირდება და ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.
2. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი 5. გარდამავალი დებულებები

მუხლი 14. სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია
1. ინსტიტუტში ტარდება სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია, რომელიც უნდა დასრულდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონის ამოქმედების წლის მომდევნო საფინანსო წლის ბოლომდე.
2. სამეცნიერო პერსონალის ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ატესტაციის შედეგები იწვევს იმ სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომლის შრომითი ხელშეკრულების ვადა არ გასულა.

მუხლი 15. ინსტიტუტის არჩევით თანამდებობებზე არჩეული პირების უფლებამოსილების შესახებ
1. ამ დებულების ძალაში შესვლა არ იწვევს ინსტიტუტის არჩევით თანამდებობებზე არჩეული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას, ისინი აგრძელებენ ფუნქციონირებას თავიანთი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აგრძელებს საქმიანობას თავისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი ამ დებულების ძალაში შესვლის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გაივლის ატესტაციას. იმ შემთხვევაში, როცა ამ დებულების ძალაში შესვლის მომენტში მათი უფლებამოსილების ვადა არის ამოწურული, მაშინ შესაბამისი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს.
4. თუ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი არ არის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ამ დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ავტომატურად ხდება საბჭოს წევრი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s